ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ ნინო გომელაური ∘ ციცინო გვრიტიშვილი ∘ ოჯახის პოზიტიური სახის ფორმირება საქართველოში ანოტაცია. სტატიაში გადმოცემულია ოჯახის პოზიტიური სახის ფორმირების ანალიზი. ოჯახი საზოგადოების ფუნდამენტია და სწორედ ოჯახი ახდენს ზემოქმდებას საზოგადოების განვითარებაზე მოსახლეობის აღწარმოების გზით, მატერიალური და სულიერის ღირებულებების გამდიდრებით, საზოგადოების მომავალი წევრების აღზრდის საშუალებით. განხილულია დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. საკვანძო სიტყვები: ოჯახი, სახელმწიფო საოჯახო პოლიტიკა, ოჯახის პოზიტიური სახე. შესავალი ოჯახის როგორც სოციალური ინსტიტუტის კრიზისი მდგომარეობს ოჯახის შესაქმნელად ინდივიდის პირადი მოტივების შესუსტებაში. ოჯახის ინსტიტუტის მდგომარეობის რადიკალური ცვლილების, საზოგადოების ფასეულობათა სისტემის ინდივიდიდან ოჯახზე გარდაქმნის გარეშე სიტუაცია არ შეიცვლება. თუ ვირჩევთ თავისუფალ პოლიტიკას თავისუფალი ადამიანებისთვის, მაშინ ოჯახი უნდა ფუნქციონირებდეს თანაბრად სხვა ინსტიტუტებთან ერთად, უნდა შევათავსოთ საოჯახო როლები პროფესიონალურთან, ავამაღლოთ მშობლის პრესტიჟი და ოჯახური ცხოვრების წესი. ტრადიციულად საოჯახო პოლიტიკა განიხილება როგორც სოციალური პოლიტიკის ნაწილი და მისი მიზანია ოჯახის, ფამილისტური კულტურის განვითარება, ოჯახური ცხოვრების წესის, ოჯახის, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტის სოციალური ფუნქციების განმტკიცება. * * * მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულებში დაწყებულმა საზოგადოებრივი ცხოვრების ტრანსფორმაციამ არსებითი გავლენა მოახდინა ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ ინსტიტუტებზე როგორიცაა ოჯახი და ქორწინება. დემოგრაფიული სტატისტიკა ასახავს ოჯახის ინსტიტუტის ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა ოჯახის ნუკლეარიზაცია, შობადობის შემცირება, განქორწინების და არასრული ოჯახების წილის ზრდა. ოჯახის ინსტიტუტის ტრანსფორმაციას თან სდევს ოჯახის ალტერნატიული ფორმების ზრდა. დეპოპულაცია წარმოადგენს საზოგადოების გლობალური ტრანსფორმაციის, ოჯახის როლის ცვლილების, ოჯახის ფუნქციის, პირველ რიგში რეპროდუქციული, შემცირების შედეგს. საქართველოში საშუალო სტატისტიკური ოჯახია _ დაქორწინებული ორივე მშობლით და ორი ბავშვით (45%). ქორწინებათა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 31 526-დან 2018 წელს შემცირდა 23 202-მდე. განორწინებათა რაოდენობა იმავე წლებში გაიზარდა 9 119-დან 10 288-მდე. ქორწინების საშუალო ასაკი 2018 წელს ქალებისათვის შეადგენდა 27 წელს, მამაკაცებისთვის 29 წელს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის დროს დაფიქსირებული 0, 1, 2, 3 და ა.შ. წლის ბავშვების რაოდენობა 15%-ით ნაკლებია, ვიდრე 2013 და 2012 წლებში რეგისტრირებული ბავშვებისა. როგორ იცვლებოდა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა რიგითობის მიხედვით წლების მიხედვით ნაჩვენებია ცხრილში 1. ცხრილი 1. ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა დაბადების რიგითობის მიხედვით 1995-2018 წწ.
წყარო: საქსტატი http://www.geostat.ge თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახური ფასეულობების ტრანსლაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია რეკლამა. ფრანგი ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ჟან ბოდრიარი რეკლამის ევოლუციის განხილვისას აღნიშნავს რომ, პირველ ეტაპზე რეკლამა მხოლოდ ინფორმაციას ავრცელებდა, შემდეგ გადავიდა დარწმუნებაზე, შემდეგ _ "შეუმჩნეველ შთაგონებაზე"; ახლანდელი მიზანი კი მოთხოვნილებების მართვაა, ანიჭებს რა პროდუქტს აზრს, ფასეულობას და აყალიბებს მოხმარების იდეოლოგიას. რეკლამა მძლავრი სოციალური ინსტრუმენტია, რომელიც ერთი მხრივ, ასახავს იმ საზოგადოების, სოციუმის წეს-ჩვეულებებსა და გემოვნებას, რომელშიც ფუნქციონირებს; მეორე მხრივ, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ეს მძლავრი შენაკადი ხელს უწყობს ცხოვრების წესის ფორმირებას, აქტიურად ცვლის ღირებულებებსა და ცხოვრების სტილს [ბელჩი მ... 2013: 88]. ბოლო სამი თაობის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად შესუსტდა ოჯახის ინსტიტუტის, რელიგიის და განათლების როლი. ტრადიციული ავტორიტეტების არ არსებობის პირობებში რეკლამა გარკვეული სოციალური მეგზური გახდა. საინფორმაციო-სარეკლამო საშუალებების კოლოსალური სიმძლავრე შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ საქართველოს დემოგრაფიული განვითარებისათვის. ვერც ერთი სოციალური პრობლემა ვერ გადაწყდება შესაბამისი ინფორმაციული თანხლების გარეშე. სახელმწიფომ უნდა წაახალისოს პრესა, რადიო, კინო და მასმედიის სხვა საშუალებები პოპულარიზაცია გაუწიოს მრავალშვილიან ოჯახებს. საქართველოში წარმოდგენები დემოგრაფიულ სიტუაციაზე არ არის მყარი და მკაფიოდ გააზრებული. ყველა ინფორმაცია მოსახლეობის დემოგრაფიული პრობლემების აქტუალიზაციის შესახებ ექვემდებარება როგორც სპეციალისტების, ისე ჩვეულებრივი ობივატელების მხრიდან რევიზიას. ქართული საზოგადოებაში არ არის არგუმენტირებული იდეა რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს ოჯახს, ყველა ოჯახს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი და რამდენი სჭირდება სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სოციოლოგიურ გამოკვლევებში, სადაც ბავშვებსა და ოჯახს პირველი რანგი უკავიათ ფასეულობთა სისტემაში, მრავალშვილიანი ოჯახები არ იმსახურებენ ჯეროვან პატივისცემას გარშემომყოფთაგან. ცნობილია, რომ გარკვეული იმიჯის დეტერმინაცია განპირობებულია მიღებული ინფორმაციით, პრობლემებისადმი სამთავრობო სტრუქტურების ყურადღების და მნიშვნელობის ხარისხით. ამიტომ დემოგრაფიული განვითარება, მოსახლეობის ზრდა, ოჯახის კეთილდღეობა შეიძლება საფუძვლად დაედოს ნაციონალურ იდეას. ასეთი მიდგომის მაგალითად შეიძლება იყოს „ბეიბი ბუმი" დასავლეთის ქვეყნებსა და აშშ-ში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველა იდეოლოგიური მანქანა მუშაობდა ოჯახში ბავშვთა რაოდენობის გაზრდაზე. ომის შემდგომ აშშ-ში საჭირო იყო ეკონომიკური განვითარებისათვის ბიძგი ანუ მოსახლეობის ზრდის გამოწვევა _ რაც მეტია მოსახლეობა, მით მეტია მოთხოვნილება. მარკეტინგმა გამოიყენა პრინციპი: არ უნდა ვაწარმოო ის რისი ყიდვის სურვილი აქვთ, არამედ უნდა გავზარდოთ მოთხოვნა იმაზე, რასაც ვაწარმოებთ. მარკეტინგის საშუალებით მოთხოვნა ჩამოყალიბდა ხელოვნურად, და სამომხამრებლო კრედიტების განვითარებამ კი წარმოქმნა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება ახალ საქონელზე. ამიტომ ამ პერიოდში გაიზარდა ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება, შობადობა და ოჯახური ფასეულობები. ჰოლივუდი როგორც ყველაზე საუკეთესო პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, ხელს უწყობდა ამ იდეიის გავრცობას. საერთოდ შობის დღესასწაული, მადლიერების დღე - ეს თემები ამერიკულ კინემატოგრაფიაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. თუ ინტერნეტში მოვძებნით ყველაზე მარტივად „ამერიკული ფილმები შობაზე", ასამდე ფაილს ამოაგდებს. ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელი 50 წელია აშშ-ში თითქმის ყოველწლიურად გამოდის ფილმები ოჯახსა და ბავშვებზე. საქართველოს კინემატოგრაფიაში კი ფილმების პერსპექტივა ოჯახის ფასეულობების შესახებ უმნიშვნელოა. შეიძლება ითქვას, 90-იანი წლების კრიზისული ეკონომიკის ფონზე, რომელშიც ოჯახის შენახვის მთავარი როლი ქალებმა იტვირთეს, ხოლო მამაკაცები მასიურ დეპრესიას მიეცნენ, ქართული კინო ერთგვარ ფემინოფობიურ ნაჭუჭში ჩაიკეტა.
მამრობითი სქესის ყველა ასაკის რესპონდენტებისთვის პირველი მნიშვნელობისაა მატერიალური მდგომარეობა, ხოლო მეორეზე ოჯახი. გამონაკლისია 18-20 წლის ასაკის რესპონდენტები, მათ მეორე მნიშვნელობა მიანიჭეს განათლებას და კარიერას, შემდეგ ოჯახის შექმნასა და შვილის ყოლას. მდედრობითი სქესის რესპონდენტებში ოჯახს მესამე ადილი უკავია მატერიალური მდგომარეობისა და განათლების შემდეგ. გამონაკლისს აქაც 18-20 წლის ასაკის რესპონდენტები წარმოადგენენ. მათ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობებში პირველი ადგილი მიანიჭეს განათლებას, შემდეგ კარიერას, მატერიალურ მდგომარეობას და შვილების ყოლას თანაბრად და ბოლოს ოჯახს. დასკვნა ოჯახის პოზიტიური სახის ფორმირება და შობადობის ამაღლება შესაძლებელია თუ სახელმწიფო წაახალისებს სამ და ოთხშვილიანი ოჯახების ზრდას. შობადობის თანდათანობით გაზრდით მივაღწევთ მოსახლეობის მარტივი აღწარმოების დონეს. საჭიროა მთვარობამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს ამ გრძელვადიანი პერსპექტივის შესასრულებლად. ამჟამად უფრო მეტი კითხვებია, ვიდრე პრობლემის გადაჭრის გზები. საქართველოს დემოგრაფიულმა განვითარებამ შესაბამისი საოჯახო პოლიტიკით უნდა გამოიყენოს მარკეტინგის მეთოდები ანუ გაზარდოს ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება. ადექვატური შედეგების მისაღებად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა ყოლის გაზრდილი მოთხოვნილების მოტივაციის ფორმირებას. გამოყენებული ლიტერატურა: 1. მენაბდიშვილი ე. (2014). ოჯახის ტრადიციული ტიპიდან თანამედროვე დემოკრატიულ მოდელზე გადასვლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის შრომების კრებული. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||