English / ქართული / русский /
ლუკა ლაზვიაშვილი
მაკროეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებანი დიდი დეპრესიის პერიოდში

ანოტაცია

დიდი დეპრესია _ სწორედ ამ სახელით არის ცნობილი კაცობ­რიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, ხანგრძლივი და მძიმე ეკო­ნომიკური კრიზისი, რომლის დაძლევის გზების ძიებაშიც მსოფლიო ეკონომიკური აზროვნება სამუდამოდ შეიცვალა და  ცხადი სახით ჩამო­ყალიბდა ეკონომიკური მეცნიერების ისეთი მნიშვნე­ლოვანი განშტოება, როგორიც არის მაკროეკონომიკა. სტატიაში განხილული და გაანალიზებულია აღნიშნული კრიზი­სის მიმდინარეობისას აშშ-ს მთავრობებისგან გადადგმული მაკროე­კონო­მი­კუ­რი ნაბიჯები.

საკვანძო სიტყვები:  დიდი დეპრესია; გამოშვება; უმუშევრობა; მოხმა­რება; „ახალი კურსი“.

 * * *

დიდი დეპრესია იყო მსოფლიო მასშტაბის, ყველაზე ხანგრძლივი და მძიმე რე­ცესია, რომლის ძირითად კერასა და ეპიცენტრს ამერიკის შეერთებული შტატები წარ­მოადგენდა. მისი გამომწვევი წინაპირობებისა და გართულების მიზეზების კვლევა დღესაც საკმაოდ აქტუალურია. დიდი დეპრესიისას გატარებული ეკონომიკური პო­ლიტიკის შესწავლა და გაანალიზება საჭირო ცოდნას გვაძლევს კრიზისული სიტუა­ციებისას შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებისა და მისი მართვის შესახებ.

დიდი დეპრესია და პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი

აშშ-ს რიგით 31-ე პრეზიდენტის, ჰერბერტ ჰუვერის (პრეზიდენტობის წლები: 1929-33) ინაუგურაციი­დან მხოლოდ 6 თვე იყო გასული, როცა საფონდო ბირჟამ კრახი განიცადა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰერბერტ ჰუვერის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს კერძო სექტორის სრული დამოუკიდებლობის გამყარება წარმოადგენდა. ეკონომიკური „ბუმის“ დროს გაპრეზიდენტებული ჰუვერისთვის დიდი დეპრესიის დასაწყისი მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, საფონდო ბირჟის კრახის მიუხედავად, მან სიმშვიდე შეინარჩუნა და 1929 წლის ნოემბერში მოსახ­ლეობას განუცხადა, რომ დაეჭვება აშშ-ს ეკონომიკის ნათელ მომავალში და კერძო სექტორის სიძლიერეში აზრს მოკლებული იყო.

ეკონომიკური დაღმასვლის გაგრძელების შემდეგ ჰუვერი იძულებული გახდა, ეღიარებინა ვითარების სირთულე და ეკონომიკის გაჯანსაღების გზებზე დაეწყო ფიქრი, თუმცა ეკონომიკურ პროცესებში პირდაპირი ჩარევისგან კატეგორიულად  იკავებდა თავს. ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, მისი წინასაარჩევნო დაპირებები და პოზიცია კერძო სექტორის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, იმ დროისთვის გაბატონებული კლასიკური ეკონომიკური მოძღვრება სახელმწიფოსგან ეკონომიკაში ჩაურევლობის შესახებ.

პრეზიდენტი ჰუვერის მიერ გატარებული მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის „დახმარებით“, 1929 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისი კი არ შემსუბუქდა, არამედ დიდი დეპრესიის სახე მიიღო. საჭიროა ხაზგასმით გამოვყოთ მის მიერ გადადგმული მცდარი ნაბიჯების მიმართულებები:

სტაბილური ხელფასების პოლიტიკა  

ჰერბერტ ჰუვერი 1921-28 წლებში აშშ-ს ეკონომიკის მინისტრი იყო. 1920-21 წლების რეცესიის დროს ხელფასების დონე 10%-ით დაეცა, რამაც მეტად გაართუ­ლა მაშინდელი ეკონომიკური სურათი. მთელი ათწლეულის განმავლობაში ეკონომი­კის მინისტრი ხელფასების დონის სტაბილურობის პოლიტიკას ქადაგებდა. დეპრე­სიის საწყის ეტაპზეც, 1930-31 წლებში, ჰუვერმა ფირმებისგან ხელფასების დონის სტაბილურად შენარჩუნება მოითხოვა, ფიქრობდა, რომ ამით მოხმარების დონეს მაღალ ნიშნულზე დატოვებდა. თუმცა, ფასების კლების და ხელფასების მუდმივობის პირობებში რეალური ხელფასი მკვეთრად გაიზარდა, კომერციული მოგება კი შემცირდა, ფირმებმა დასაქმე­ბულების მასობრივი დათხოვნა დაიწყეს და კიდევ უფრო გაიზარდა უმუშევრობის დონე, რომლის ნაზრდმაც 1930 წლის ბოლოდან, 1931 წლის ბოლო თვის ჩათვლით, 36% შეადგინა. უმუშევრობის ზრდასთან ერთად მატულობდა კონგრესმენებისა და მთავრობის წევრების ზარების რაოდენობა პრეზი­დენტის ტელეფონზე უმუშევრობასთან ბრძოლის მოთხოვნით, რასაც ჰუვერმა სამო­ქალაქო სამსახურების შექმნით უპასუხა, თუმცა მათი შემდგომი დაფინანსება და კოორდინირება ცალკეულ შტატებსა და ადგილობრივ მთავრობებს დაავალა. ის თვლიდა, რომ უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ ადგილობრივ მთავრობებს ან პირად ქველმოქმედებას შეეძლო [4].

პროტექციონისტული პოლიტიკა (სმუთ-ჰოულის ტარიფი)

პრეზიდენტი ჰუვერის მცდარი სტრატეგიის მომდევნო რგოლი პროტექციო­ნისტული პოლიტიკა გახდა. 1930 წლის 17 ივნისს მიღებულ იქნა აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე რადიკალუ­რად პროტექციონისტული საკანონმდებლო აქტი. ეს იყო სენატორი რიდ სმუ­თისა (Reed Smoot) და წარმომადგენლობითი პალატის წევრის, უილის ჰოულის (Willis C. Hawley) მიერ ინიცირე­ბული კანონპროექტი. მიუხედავად მრავალი ეკონო­მისტის უკმაყოფილებისა, ჰერბერტ ჰუვერმა კანონპროექტი მაინც აამოქმედა. „სმუთ-ჰოულის ტარიფის“ მიზანს ფერმერების სასოფლო-სამეურნეო იმპორტისგან დაცვა წარმოადგენდა, თუმცა საბოლოოდ აბსოლუ­ტურად სხვა შედეგი იქნა მიღებული. კანონპროექტის მიღებიდან მალევე, პრეზიდენტ ჰუვერს ტარიფებზე მართვის სადავეები ხელიდან დაუსხლტა და აგრარული სექტორის დაცვის მაგივრად, მთელი ეკონომიკის იმპორტისგან დაცვას დაემსგავსა. უაზროდ და არათანაბრად იზრდე­ბოდა ტარიფები ქვეყანაში შემავალ სხვადასხვა პროდუქციაზე. ტარიფმა ვერ შეძლო დაგეგმილი ფუნქციის შესრულება, ფერმერების ყოფა არ შემ­სუბუქებულა. ამასთან, სხვა ქვეყნებმა საპასუხო ტარიფები დაუწესეს აშშ-ს, რამაც დამატებითი დარტყმა მიაყენა გამოშვებას და უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზარდა. „სმუთ-ჰოულის ტარიფის“ და მისგან გამოწვეული საპასუხოდ დაწესებული ტარიფე­ბის გავლენით 1929 წლიდან 1934 წლამდე საერთაშორისო ვაჭრობა 66%-ით შემცირდა [6],[7],[8].

დივიდენდების სტაბილურობის პოლიტიკა

ჰერბერტ ჰუვერის მორიგი მცდარი ნაბიჯი საბანკო კრიზისის დაწყების მთავა­რი მიზეზი გახდა. მან ფირმებს დივიდენდების სტაბილურობა მოსთხოვა, თუნდაც მოგების კლების ხარჯზე. შედეგად, 1930 წელს დივიდენდების მაჩვენებელი 1929 წლის მაჩვენებელს მართლაც არ ჩამოუვარდებოდა, თუმცა კორპორაციული მოგება 2.8 მილიარდი დოლარიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე დაეცა (შესაძლოა ეს რიცხვები უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა ვინაიდან 1929 წელს აშშ-ს მთლიანი ეროვნული პროდუქტი 103.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, აღნიშნული კლებაც არსებითი იყო). მოგების კლების შედეგად, ფირმების ფასიანი ქაღალდებისა და აქციების ფასე­ბი მკვეთრად შემცირდა, მათი პორტფოლიოები ბანკებში გაუარესდა. აღნიშნული პროცესების შემხედვარე ამერიკელ ხალხში კომერციული ბანკებისადმი ნდობა დაეცა, დეპოზიტორებმა თანხების მასიურად გამოთხოვნა დაიწყეს, ბანკებისგან სესხების გაცემაც შეფერხდა და მათი გაკოტრევის პროცესი დაიწყო. 1930 წლის ნოემბერში ბანკების დახურ­ვის პირველმა ტალღამ იჩინა თავი. ბანკებიდან ფულის გადინება გრძ­ე­ლ­დებოდა. გაკოტრების მორიგი ტალღა 1931 წლის გაზაფხულსა და შემდეგ იმავე წლის შემოდ­გომას დაფიქსირდა და, ბოლოს, 1932 წლის შემოდგომას ბანკების მასიურად დახურ­ვის მეოთხე ტალღით დასრულდა. 1933 წლის დასაწყისში კომერციული ბანკების თითქმის ნახევარი აღარ ფუნქციონირებდა.

ფისკალური პოლიტიკა

ზიანის მომტანი გამოდგა ჰუვერის მიერ პრიმიტიულად და დოგმატურად გატარე­ბული ფისკალური პოლიტიკაც. 1929 წლის დეკემბერში, ბიუჯეტის პროფიცი­ტის საშუალე­ბით, ეკონომიკური თავდაჯერებულობის სადემონსტრაციოდ, მან გადა­სახადები 1%-ით შეამცირა. 1930 წელს კი, როცა ბიუჯეტი დეფიციტური გახდა და დაღმასვლა განაგრძო, მან გადასახადები გაზარდა. შედეგად, მწვავე რეცესიის დროს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ამერიკელების ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდა, კიდევ უფრო შემცირდა გამოშვება, სამომხმარებლო ხარჯები და ეკონომიკური აქტივობა.  

წარმოგიდგენთ ჰერბერტ ჰუვერის პრეზიდენტობის წლების განმავლობაში მომხდარ მაკროეკონომიკურ ცვლილებებს აშშ-ს ეკონომიკაში:

ცხრილი 1 [კაკულია ნ., გვ.171][4][5][9]

1929-1933 წლების აშშ-ს ეკონომიკის სტატისტიკური შეჯამება

მთლ­იანი შიდა პროდუქ­ტი (მშპ)

მთლიანი ეროვნული პროდუქტი (მეპ)

უმუშევრობის დონე 1933 წელს

(1929წ.  3.2%)

 

ფასების დონე

 

კომერციული ბანკები 1933 წელს

(1929წ. 24970)

 

სახელმ­წიფო  ხარჯები

-54.4%

-30.5 %

24.9 %

-24.4 %

14207(-43.1%)

-7.4 %

 

დიდი დეპრესია და პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი

1932 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით (17.76%) გაიმარჯვა ფრანკლინ დელანო რუზველტმა, რომელმაც პოპულარობადაკარგული ჰერბერტ ჰუვერი დაამარცხა. რუზველტმა საპრეზიდენტო ოფისი 1933 წლის 4 მარტს დაიკავა და ხალხისადმი პირველივე მიმართვაში, ინაუგურაციისას, თავისი ცნობი­ლი სიტყვები წარმოსთქვა: „ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, თავად შიშია“.

რუზველტმა ქვეყანა­ში იმედი დააბრუნა. ჰუვერისგან განსხვავებით, რუზველტი ხვდებოდა, რომ სამთავრობო ინტერვენციის გარეშე ეკო­ნომიკური პრობლემები არ მოგვარდებოდა და მომხრე იყო პირდაპირი სამთავრობო ჩარევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაზე მთავრობისგან ზემოქმედება იმ დროისთვის ექსპერიმენტულ და რისკიან ნაბიჯად აღიქმებოდა.

პრეზიდენტობის მეორე დღესვე, პრეზიდენტმა რუზველტმა 4 დღიანი „საბან­კო არდადეგები“ გამოაცხადა, რითაც დასუსტებულ ბანკებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და ხალხის მიერ ფულის გამოთხოვნის პროცესი შეაჩერა. 4 დღის შემდეგ კი, 9 მარტს, კონგრესმა რუზველტის მიერ შემუშავებული საბანკო სისტემის დახმარების აქტი (Emergency Banking Act) მიიღო, რომელიც ბანკების რეორგანიზებას და საბანკო კრიზისის დაძლევას ისახავდა მიზნად. 3 დღის შემდეგ, თავის პირველ რადიო მიმართვაში, პრეზიდენტმა ხალხს ბანკებისადმი ნდობის გაზრდისა და ფულის კვლავ ბანკებში შენახვისკენ მოუწოდა. თვის ბოლოს დახურული ბანკების თითქმის 3 მეოთხედი კვლავ გაიხსნა. აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობდა ბანკების დახმარებას, მათ ფუნქციონირებას ხაზინასთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებით, მათ ფინანსურ ხელშეწყობას საჭიროების შემთხვევაში და ბანკების მხრიდან სახელმწიფოსთან კოორდინირებულ მუშაობას. მოსახლეობაში ბანკებისადმი ნდობის აღდგენა მართლაც დაიწყო, იმავე წლის სექტემბერში საბანკო კრიზისი წარსულს ჩაბარდა.

პირველი 100 დღის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ეკონომიკის სარეაბილიტაციო, სარეფორმო გეგმა „ახალი კურსი“ (New Deal), რომლის ფარგლებშიც 15 სარეფორმო აქტი იქნა დამტკიცებული. მაისში რუზველტმა გააფორმა ტენესის რეგიონის მხარდასაჭერი აქტი (Tennessee Valley Authority Act), რომლის ფარგლებშიც აშენდა კაშხლები და ჰიდროელექტროსადგურები აშშ-ს სამხრეთ, შედარებით ღარიბ, ტენესის რეგიონში. შედეგად, შეიქმნა სამუშაო ადგილები, კონტროლირებადი გახდა მდინარე ტენესიზე დატბორვის საშიშროება და დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონში [10].

„ახალი კურსის“ ფარგლებში გამოსარჩევია  ორი საკვანძო კანონპროექტი. საუბარია სასოფლო-სამეურნეო რეგულირების აქტსა (Agricultural Adjustment Act) და ინდუსტრიული რეაბილიტაციის აქტზე (National Industrial Recovery Act). ორივე მათგანი პრეზიდენტ რუზველტის მრჩევლების მცდარი შეხედულებისამებრ ჩამოყა­ლიბებული პოლიტიკის გატარებას ემსახურებოდა. მათი აზრით, დიდი დეპრესიის გამომწვევი მიზეზი, არა ერთობლივი მოთხოვნის კლება, არამედ გადაჭარბებული წარმოება გახდა. მათი შეხედულების შესაბამისად, ფრანკლინ რუზველტმა გამოშვე­ბის კლების და ხელფასებისა და ფასების ზრდის პოლიტიკის გატარება დაიწყო. დიდი დეპრესიის დროს, ისედაც განახევრებული გამოშვების კიდევ უფრო შემცირე­ბა ქვეყანას კრიზისიდან, ცხადია, ვერ გამოიყვანდა. პრეზიდენტის ენთუზიაზმით სავსე ადმინისტრაციამ ვერ გაითვალისწინა ელემენტარული რამ, მთელი ეკონომიკის მასშტაბით რეალური ხელფასებისა და რეალური ფასების ერთდროული ზრდის შეუძლებლობა.

სასოფლო-სამეურნეო რეგულირების აქტი (Agricultural Adjustment Act) მიზნად ფერმერების დახმარებას ისახავდა. მის ფარგლებში კეთდებოდა ყველაფერი აგრა­რულ ბაზრებზე ჭარბწარმოების შემცირებისა და ფასების გაზრდისათვის. ყველაზე მეტად გამოყენებადი მეთოდი გახდა წარმოების შემცირების სანაცვლოდ მაკომპენ­სირებელი თანხების გადახდა მწარმოებლებისთვის. მაგალითად, ბამბის მწარმოებელ ფერმერებს მთავრობა უხდიდა მაკომპენსირებელ გადასახადებს იმისათვის, რომ მიწის განსაზღვრულ მონაკვეთზე წარმოება შეეწყვიტათ. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ გადასახადებს სახელმწიფო მიწის მფლობელებს აძლევდა და არა მოიჯა­რეებს. მიწის მფლობელების უმეტესობა, რომლებსაც კანონიერი ვალ­დებულება ამ გადასახადის მოიჯარესთან გაყოფაზე არ ჰქონდათ, მიღებული თანხი­დან მოიჯარეს მცირედსაც არ უთმობდა. შედეგად, წარმოების კლებისა და საკომპენ­საციო თანხის მიუღებლობით უკმაყოფილო მოიჯარე მწარმოებლების რიცხვის ზრდა წარმოებას კიდევ უფრო ამცირებდა. იქ, სადაც მაკომპენსირებელი თანხით მწარმოებ­ლის დაყოლიება არ ხერხდებოდა, მთავრობა თავად ყიდულობდა გარკვეუ­ლი მოცულო­ბის პროდუქციას იმისათვის, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდება გაექრო და ფასები გაზრდილიყო.

ინდუსტრიული რეაბილიტაციის აქტის (National Industrial Recovery Act) დამტ­კიცებასთან ერთად შეიქმნა ეროვნული რეაბილიტაციის ადმინისტრაცია (National Recovery Administration), რომელიც რეალური სექტორის რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად. ამ პროგრამამ გარანტირებული გახადა მომუშავეთა უფლება, გაერთიანებუ­ლიყვნენ და ერთად მოეთხოვათ მაღალი ხელფასები და უკეთესი სამუშაო პირობები. პროფკავშირების მოძლიერებასთან ერთად, თითოეულ დარგში გაჩნდა სამთავრობო მაკონტროლებელი ორგანოებიც, რომლებიც ფირმებს თავად უსაზღვრავდნენ და­საშვები გამოშვებისა და ინვესტიციების ოდენობას, რითაც ფასებზე ზეგავლენის მოხდენასაც ცდილობდნენ. ამ ღონისძიებების მიზანი, როგორც ზემოთ აღინიშნა, რუზ­ველტის ადმინისტრაციის არასწორი პოლიტიკის განხორციელება იყო, რომელიც მიზნად ფასებისა და ხელფასების მატებას და,ამავე დროს, გამოშვების კიდევ უფრო შემცირებას ისახავდა. შედეგად, 1933 წლის შემოდგომიდან 1935 წლის ზაფხულამდე ეკონომიკური აქტივობის მხოლოდ მცირედით ზრდა აღინიშნა. მსგავსი ძალადობრი­ვი პოლიტიკის შედეგად ფირმების უკმაყოფილება გაიზარდა, მათი გარკვეული რაო­დენობა აღარც ემორჩილებოდა ადმინისტრაციის მოთხოვნებს. 1935 წლის 27 მაისს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ინდუსტრიული რეაბილიტაციის აქტი არაკონსტი­ტუციურად სცნო და გააუქმა, ხოლო 1936 წლის 6 იანვარს სასოფლო-სამეურნეო რე­გულირების აქტიც გაუქმდა. ფრანკლინ რუზველტმა, სასამართლო პროცესის სათავისოდ გადაწყვეტისთვის, უზენაესი სასამართლოს მისი მხარდამჭერი მოსა­მართლეებით დაკომპლექტება განიზრახა, თუმცა ვერაფერს გახდა, ხსენებული პროექტები მაინც გაუქმდა, რუზველტის ეს ნაბიჯი კი ამერიკელი ხალხის დიდი უკმაყო­ფილების მიზეზი გახდა და მისი საპრეზიდენტო მოღვაწეობის შავ წერტილად დარჩა.

 მიუხედავად დიდი ენთუზიაზმისა, 1933-35 წლებში აშშ-ს ეკონომიკა ვერ გან­ვითარდა, უმუშევრობა კვლავ მაღალი იყო, ხალხი კი მოთმინებას კარგავდა. 1935 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტმა რუზველტმა სარეაბილიტაციო პროგრამების  მეორე, უფრო აგრესიული ტალღა წამოიწყო რასაც „მეორე ახალ კურსსაც“ უწოდებენ (Second New Deal). აპრილში პრეზიდენტმა შექმნა გრძელვადიანი დასაქმების პროგ­რამა (Work Progress Administration;WPA), რომელიც ყველაზე წარმატებული რეფორმა გამოდგა რუზველტის რეფორმებს შორის, ამერიკის ისტორიაში კი დიდი ასოებით ჩაიწერა. პირველი 2 წლის განმავლობაში შექმნილი მოკლევადიანი სამოქალაქო და­საქმების პროგრამებისგან განსხვავებით, WPA მიზნად ისახავდა უმუშევრობის სა­ფუძვლიანად აღმოფხვრას ფართო სამთავრობო ინვესტიციებისა და გრძელვადიანი მოქმედების მეშვეობით. დასაქმების პროგრამა კონკურენციას არ უწევდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ის ემსახურებოდა სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას. იგებოდა გზები, შენდებოდა სკოლები, ხიდები, საფოსტო ოფისები და სკვერები. ამ პროგრამის მეშვეობით 1935-1943 წლებში უმუშე­ვართა დიდი ნაწილი, 8.5 მილიონი ადამიანი კვლავ დასაქმდა.

გამოსარჩევია 1935 წლის ივლისში მიღებული შრომითი ურთიერთობების აქტი (National Labor Relations Act), რომელიც მომუშავეთა უფლებების დაცვის გარან­ტი გახდა. აგვისტოში კი ხელი მოეწერა სოციალური უსაფრთხოების აქტს (Social Security Act), რომლის ფარგლებშიც მოგვარდა პენსიებთან დაკავშირებული პრობლე­მები, დაწესდა უმუშევრობის კომპენსაცია და მოგვარდა საზოგადოებრივი ყოფის უამრავი საკითხი. აღსანიშნავია Securities and Exchange Commission და Federal Deposit Insurance Corporation კანონპროექტების ამოქმედებაც, რომელთაგან პირველი მათგანი ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლითი კურსების მონიტორინგს ემსახურებოდა, მეორე კი ანაბრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. აღდგენითი პროცესის წამახალისე­ბელი იყო რუზველტის მიერ 1934 წელს პროტექციონისტული პოლიტიკის გაუქმება და საერთაშორისო ვაჭრობის აღდგენაზე ზრუნვაც.

„მეორე ახალი კურსის“ ფარგლებში განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის, ზემოთ ხსენებული აქტიური ღონისძიებების და უზენაესი სასამართ­ლოს მიერ კერძო სექტორის შემზღუდველი კანონპროექტების გაუქმების შედეგად აშშ-ს ეკონომიკამ საგრძნობი წინსვლა შეძლო. 1935 წლიდან 1937 წლის ივნისამდე უმუშევრობა 12%-მდე შემცირდა, განვითარდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი ბუნებრივ, 9%-ს დაუბრუნდა. აშკარაა, რომ „ახალი კურსის“ პირველი ტალ­ღისგან განსხვავებით, 1935 წელს დაწყებულ 2 წლიან აღმავლობის პერიოდში, რუზ­ველტის ეკონომიკური პოლიტიკა ჯონ მეინარდ კეინზის იდეოლოგიას ეფუძნებოდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ინვესტიციებითა და გაზრ­დილი ხარჯე­ბით უმუშევრობასთან ბრძოლას და მოხმარების სტიმულირებას გულისხმობდა.

1937 წლის ივნისში ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი დასრულდა, რაც რამ­დენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. პირველ რიგში, პროფკავშირებისა და სხვა­დასხვა ორგანიზაციების გავლენით დასაქმებულებმა პრივილეგირებული პოზიცია დაიკავეს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ხელფასებისა და სამუშაო პირობე­ბის გაუმჯობესებას მიაღწიეს. ფირმებისთვის გაიზარდა სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები. ამასთანავე, 1930-32 წლების ფინანსური კრიზისისგან შეშინებული კომერციული ბანკები, „ფედ“-ისგან მოთხოვნილი რეზერვის ნორმის გარდა, პრევენ­ციის მიზნით დამატებით ფინანსურ სახსრებს არეზერვებდნენ. მსგავსი ზედმეტი რე­ზერვების გასაქრობად, 1936-37 წლებში „ფედ“-მა ბანკებს რეზერვის ნორმა გაუზარ­და, მაგრამ ბანკებმა კვლავ აღადგინეს გადამეტებული რეზერვები, რაც სესხების გაცემის შემცირების ხარჯზე მოახერხეს. ამგვარმა ქმედებებმა ეკონომიკაში ფულის მიმოქცევის შემცირება გამოიწვია. ასევე, აღსანიშნავია ფისკალური პოლიტიკის ფაქ­ტორი. ეკონომიკური აღმავლობით კმაყოფილმა პრეზიდენტმა რუზველტმა ნაადრე­ვად ჩათვალა, რომ სიმშვიდის საფუძველი ჰქონდა და ბიუჯეტის გაზრდილი დეფი­ციტის აღმოსაფხვრელად გადასახადები გაზარდა. ამ სამი ფაქტორის გავლენით, 1937 წლიდან მომდევნო 13 თვის განმავლობაში, აშშ კვლავ ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. ამ რეცესიამ მიღწეული პროგრესის დიდი ნაწილი გააქარწყლა, წარმოება საგრძნობლად დაეცა და უმუშევრობა 19.1%-იან ნიშნულზე ავიდა. ამის შემხედ­ვარე რუზველტმა კიდევ უფრო დიდი სიმძლავრით აამუშავა სამოქალაქო დასაქმების პროგრამა (WPA). ასევე, მიუხედავად ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების დაცე­მისა, სამომხმარებლო პროდუქტებზე მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნდა რეცე­­­­­­სიის განმავლობაში. ამ ორი ფაქტორის შედეგად, 1938 წლის ზაფხულში რეაბილი­ტაციის ახალი ეტაპი დაიწყო. ეკონომიკა კვლავ ვითარდებოდა, თუმცა ნელი ტემპით.

1939 წელს ევროპაში მიმდინარე მოვლენებმა აშშ-ს ხელისუფლება აიძულა თავდაცვის გაძლიერებაზე ეზრუნა. რუზველტმა, რომელიც მიმდინარე საომარ ვითა­რებაში ნეიტრალური პოზიციის დაკავებას აპირებდა, უსაფრთხოების მიზნით, თავ­დაცვის გაძლიერებაზე ფულის ხარჯვა დაიწყო. ამან ეკონომიკის განვითარებასაც შეუწყო ხელი, უმუშევრობა ნელ-ნელა მცირდებოდა [4][10][11].

1941 წლის დეკემბერში იაპონელებმა პერლ ჰარბორი და ადგილზე მყოფი ამე­რიკის ფლოტი დაბომბეს. აშშ იძულებული გახდა მეორე მსოფლიო ომში ჩართული­ყო. დაიწყო საყოველთაო გაწვევები, ქარხნები კი მთელი სიმძლავრით ამუშავდნენ. ამ ყველაფერმა უმუშევრობის პრობლემა მთლიანად გააქრო ქვეყანაში, ეკონომიკამ სრუ­ლი რეაბილიტაცია მოახდინა. დიდი დეპრესია დასრულდა.

დასკვნა

პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის აგრესიული „ანტიდეპრესან­ტული“ პოლიტიკა, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, დადებითად შეფასდა. მის მიერ განხორციელებული „ახალი კურსი“ (New Deal) დღესაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება აშშ-ს ისტორიაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს ერთი რამ: 1932-41 წლებში აშშ-ს საგარეო ვალი 3 მი­ლიარდით გაიზარდა, ხოლო 1942 წელს, საომარი მოქმედებების დროს, 23 მილიარდით, 1943 წელს კი 60 მილიარდსაც გასცდა. თუ 1929 წელს აშშ-ს სახელმწი­ფო ხარჯები მთლიანი ეროვნული პროდუქტის 3.04%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 1939 წელს 9.77%-ზე იყო ასული, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტ რუზველტს, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, სახელმწიფო ხარჯები კი­დევ უფრო მეტად რომ გაეზარდა, სავარაუდოდ, დიდი დეპრესიის ბოლომდე აღ­მოფხვრასაც მალევე შეძლებდა. გთავაზობთ აშშ-ს სახელმწიფო ხარჯების სტატისტი­კას 1929-1945 წლებში:

გრაფიკი1[9]

 გამოყენებული ლიტერატურა

1 ოლივიე ბლანშარი. მაკროეკონომიკა (მე-5 გამოცემა), გვ. 707-715.

2 N. Gregory Mankiw. Brief Principles of Macroeconomics  (Sixth Edition).

3 კაკულია ნ., ჩიქობავა მ. (2011), მაკროეკონომიკა. თბილისი, „ინტელექტი“, გვ. 171-172.

Great Depression by Gene Smiley. Retrieved from                                                                 http://www.econlib.org/library/Enc/GreatDepression.html

5 http://www.history.com/topics/great-depression

The Great Depression of 1929 by Kimberly Amadeo(2017). Retrieved from  https://www.thebalance.com/the-great-depression-of-1929-3306033

7 http://www.investopedia.com/terms/s/smoot-hawley-tariff-act.asp

8 https://www.theguardian.com/us-news/2017/jan/29/smoot-hawley-tariffs-protectionism-donald-trump

9 http://www.shmoop.com/great-depression/statistics.html

10 http://www.history.com/topics/new-deal

11 https://www.khanacademy.org/humanities/ap-us-history/period-7/apush-great-depression/a/franklin-delano-roosevelt-as-president