English / ქართული / русский /
ციცინო თეთრაული
ეკონომიკური რყევების მიზეზები და ფორმები

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ეკონომიკური მერყეობის გამომწვევი მიზეზები და ფორმები; გაანალიზებულია ეკონომიკური ციკლები ბუნება და თავისებურებები, მათი გავლენა მაკროეკონომიკის განვითარებაზე; დახასიათებულია ეკონომიკური ციკლის ფაზები.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ეკონომიკური ციკლები, ეკონომიკური მერყეობის მიზეზები.

დღეს ეკონომიკური საკითხების განხილვა შეუძლებელია გლობალიზაციის გვერდის ავლით. გლობალურ პროცესებში ჩართულია თითქმის მთელი მსოფლიო, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნები. გლობალიზაციამ სახელმწიფოები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. როცა ვსაუბრობთ გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოზე გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი ახდენს როგორც დადებით, ასევე უარყოფით გავლენას. დადებითი ეფექტი, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს გასაღების ბაზრის გაფართოებაში. გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი ჩვენს ქვეყანას აძლევს დიდ შესაძლებლობებს, გააფართოოს შიდა და გარე ბაზარი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გამოყენებით. ბაზრის გაფართოება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს ინვესტიციების მოცულობის ზრდაში. ეს მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დააბანდებენ და შემოიტანენ ახალ ტექნოლოგიებს.

მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში შეიმჩნევა ეკონომიკის საგრძნობი ზრდა, ცხოვრების დონის ამაღლება. ყოველი საზოგადოება ცდილობს, მიაღწიოს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას პერიოდულად თან ახლდა და ახლავს ეკონომიკური არასტაბილურობა, რაც გამოიხატება წარმოების მკვეთრი დაქვეითებით. ეკონომიკურმა აღმავლობამ შეიძლება განაპირობოს ეკონომიკური დაქვეითება, ანუ ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც მოჰყვება მშპ-ს, დასაქმებისა და მოსახლეობის რეალური შემოსავლის შემცირება; შემდეგ ეს პროცესი შეიძლება განმეორდეს,  ანუ აღმავლობას კვლავ მოჰყვეს ახალი დაქვეითება  კრიზისი. მაკროეკონომიკა მოიცავს მთელ ეროვნულ ეკონომიკას. მაკროეკონომიკური განვითარება ხორციელდება ტალღისებური რყევების სახით. ეკონომიკური მერყეობა წარმოადგენს მაკროეკონომიკის უმნიშ-ვნელოვანეს მაჩვენებელთა გადახრას, მათი მდგრადი მდგომარეობიდან (მოძრაობის ტრაექტორიიდან) ამგვარ გადახრებს ადგილი ჰქონდა წარსულში და მომავალშიც ექნება. მათი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს საერთაშორისო მოვლენები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ეკონომიკური პირობების ცვლილებები, ომები, ტექნოლოგიური ცვლილებები. ეკონომიკური რყევები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი მასშტაბებითა და  ვადიანობით; ამ ნიშნით ისინი შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად:

1. მოკლევადიანი,

2. საშუალოვადიანი,

3. გრძელვადიანი.

მოკლევადიანი ეკონომიკური რყევები ასახავს ეროვნული წარმოების მოცულობის, სამუშაო ძალის დასაქმებისა და ფასების დონის შედარებით მცირე მასშტაბისა და ხანგრძლივობის ცვლილებებს. ასეთი მერყეობები გამოწვეულია მაგ., სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის კონიუნქტურის სეზონური ცვალებადობით.

საშუალოვადიანი ეკონომიკური რყევები ნიშნავს მნიშვნელოვან გადახრებს წონასწორობის მდგომარეობიდან ეროვნულ მეურნეობაში, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

გრძელვადიანი ეკონომიკური რყევები ხასიათდება წარმოების ძალიან დიდი აღმავლობებითა და დაცემებით. მეცნიერული დაკვირვების თანახმად, ასეთი რყევა მეორდება, დაახლოებით, ყოველი ორმოცდაათი წლის შემდეგ. ტალღისებურ რყევებს ექვემდებარება ეროვნულ მეურნეობაში გადამწყვეტი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების მახასიათებელი შემდეგი ძირითადი მაჩვენებლები: წარმოებისა და შემოსავლის მოცულობა მთლიანად ქვეყანაში (მშპ და ეროვნული შემოსავალი); ფასების დონე ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბით; სამუშაო ძალის დასაქმება. ამ ძირითად მაჩვენებლებზე დიდად არის დამოკიდებული შემდეგი წარმოებული ცვალებადი სიდიდეები: მთლიანი მოგების მოცულობა ეროვნულ მეურნეობაში (დამოკიდებულია წარმოების მოცულობასა და ფასების დონეზე), სასესხო სარგებლის ნორმა (დამოკიდებული მოგების ნორმასა და ფასების დონეზე).

ეკონომიკური აღმავლობისა და დაქვეითების მონაცვლეობას ეკონომიკურ ციკლს უწოდებენ. ეკონომიკური ციკლები პერიოდულად მეორდება დროითი მომენტის გათვალისწინებით. ამრიგად, ეკონომიკური ციკლი არის პერიოდი ერთი კრიზისიდან მეორემდე  ან ერთიდან _ შემდგომ ბუმამდე. საშუალოდ, დაახლოებით, ხუთი წელი გადის ერთი კრიზისის დაწყებიდან მეორემდე ან ერთიდან _ შემდგომ ბუმამდე; ეკონომიკური ციკლი არის მაკროეკონომიკის წრიული მოძრაობა, რომელშიც თანმიმდევრულად მეორდება ოთხი ფაზა:

1. კრიზისი (დაქვეითება),

2. დეპრესია (ფსკერი),

3. აღმავლობა (გამოცოცხლება),

4. ბუმი (პიკი).

კ. მარქსი ერთ-ერთი პირველი ეკონომისტი იყო, რომელმაც ამ პრობლემას დიდი ყურადღება მიაქცია და თავის შრომებში მოგვცა მისი ფორმულირება. მარქსიზმის კლასიკოსები ეკონომიკური კრიზისების წარმოშობის ძირითად მიზეზად მიიჩნევდნენ კაპიტალიზმის ძირითად წინააღმდეგობებს:  წინააღმდეგობას წარმოების საზოგადოებრივ ხასიათსა და წარმოების შედეგების მითვისების კერძო კაპიტალისტურ ფორმას შორის. მათი აზრით, კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება საქონლის ჭარბ წარმოებაში, კრედიტების შემცირებასა და სასესხო პროცენტის ამაღლებაში. ეს კი იწვევს მოგების შემცირებას და წარმოების ვარდნას, საბანკო დავალიანებების ზრდას, საბანკო კრახსა და ეკონომიკის სხვა სფეროებში საწარმოთა გაკოტრებას.

ცალკეული ეკონომიკური ციკლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი ხანგრძლივობითა და ინტენსიურობით. არცერთი ციკლი ზუსტად არ იმეორებს მეორეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მაინც აქვთ ბევრი საერთო ნიშანი: დაქვეითება, დეპრესია, აღმავლობა და ბუმი, რომელიც ყოველი ეკონომიკური ციკლისთვის დამახასიათებელი საერთო ფაზებია.

კრიზისს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მცირდება მშპ, ქვეყანაში მიმდინარეობს საქონლისა და მომსახურების ჭარბწარმოება (მიწოდება მნიშვნე-ლოვნად აჭარბებს მოთხოვნას), ამ მომენტში ეკონომიკური ზრდის დონე და ტემპები ზღვრულად დასაშვებ ზომაზე ქვემოთ ეცემა. სამრეწველო და სავაჭრო საწარმოთა მასა კოტრდება; დარჩენილი საწარმოები სამუშაოდან ითხოვენ მუშებს, ამცირებენ ნედლეულის მოცულობას, რასაც მოსდევს წარმოების შეკვეცა და უმუშევრობის ზრდა. წარმოების შემცირება ასუსტებს მოთხოვნას ნედლეულზე, შესაბამისად კლებულობს ნედლეულის ფასები და მცირდება მათი მიწოდება. საზოგადოებაში ირღვევა საკრედიტო კავშირები. ყველა მეწარმე განიცდის მწვავე მოთხოვნილებას საკრედიტო საშუალებებზე სწრაფად წარმოქმნილი ვალების დასაფარად და ამიტომ მნიშვნელოვნად იზრდება საბანკო სარგებლის ნორმა. ეკონომიკური დაქვეითების დროს მკვეთრად ეცემა მოგების მოცულობა და ნორმა. ამის წინასწარი მაუწყებელია აქციების კურსის დაცემა; სხვა რა მიზეზებიც არ უნდა იყოს, საწარმოთა და მომხმარებელთა ხარჯების შემცირება დაქვეითების (კრიზისის) დასაწყისს მოასწავებს.

დაქვეითება (კრიზისი) მთავრდება მეორე ფაზით _ დეპრესიით. დეპრესიის პერიოდში ეკონომიკა ციკლის  ყველაზე დაბალ წერტილს (ფსკერს) აღწევს, სადაც იქმნება პირობები კრიზისიდან გამოსასვლელად; საწარმოთა უმრავლესობა არასრული სიმძლავრით მუშაობს ან საერთოდ გაჩერებულია; უმუშევრობა მაღალ დონეზეა; უმნიშვნელო მოთხოვნის გამო იზრდება თავისუფალი ფულადი კაპიტალის მოცულობა და მინიმუმამდე მცირდება საბანკო სარგებლის განაკვეთი. საქონლისა და მომსახურების მიწოდება წყვეტს მოთხოვნაზე გადაჭარბებას; საქონლის გამოშვების შეწყვეტა კი ამცირებს მათ მიწოდებას მოთხოვნის დონემდე; ეკონომიკის მომგებიანობა რჩება დაბალ დონეზე; მცირდება ფასები წარმოების საშუალებებზე და იაფდება კრედიტი, რაც ხელს უწყობს გაფართოებული კვლავწარმოების აღდგენას ახალ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საფუძველზე.

გარკვეული დროის შემდეგ ეკონომიკა იწყებს გაჯანსაღებას და შედის საქმიანი აქტივობის ციკლის რიგით მესამე აღმავლობის (გამოცოცხლების) ფაზაში. აღმავლობის პერიოდში წარმოება და, შესაბამისად, მიწოდება ფართოვდება კრიზისამდელ დონემდე; სასაქონლო მარაგების მოცულობა დგინდება ბაზრის შეუფერხებელი მომარაგებისთვის აუცილებელ დონეზე; იწყება საბაზრო ფასების ამაღლება, რაც გამოწვეულია სყიდვისუნარიანი მოთხოვნის გადიდებით; იზრდება სამუშაო ძალის დასაქმება, იზრდება მოთხოვნა ფულად კაპიტალზე და საბანკო სარგებლის განაკვეთი, რასაც თან მოჰყვება კაპიტალის მომგებიანობის დონის ამაღლება. აღმავლობის ფაზა, ჩვეულებრივ, სულ ცოტა, სამ წელს გრძელდება ხოლმე; თუმცა ყველაზე ხანგრძლივი აღმავლობა აშშ-ს ისტორიაში 1921 წელს დაიწყო და 2000 წლის ბოლომდე გაგრძელდა.

ბოლოს დგება მეოთხე _ ბუმის (პიკის) ფაზა. ამ პერიოდში ეკონომიკა ყვავის. საქონლის გამოშვება აჭარბებს კრიზისამდელ დონეს და სამუშაო ძალის დასაქმება სწრაფად იზრდება; სყიდვისუნარიანი მოთხოვნის გაფართოებას მოსდევს საქონელზე ფასების სპეკულაციური ზრდა. დიდდება მოთხოვნა საკრედიტო საშუალებებზე და, შესაბამისად, იზრდება საბანკო სარგებლის განაკვეთი, საგრძნობლად მაღლდება წარმოების მომგებიანობა. ამრიგად, ბუმის დროს საწარმოთა ინვესტიციებისა და მომხმარებელთა ხარჯების დონე ყველაზე მაღალია, მიუხედავად ამისა, ვინაიდან ეკონომიკა სრული ან თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს და საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა დიდდება, იზრდება ფასებიც და, შესაბამისად, მომგებიანობაც.

ეკონომიკური ციკლის აღწერილი მოძრაობა ძირითადად დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის; მაღალ-განვითარებული სახელმწიფოებისთვის კი, უპირატესად, ტიპურია ბუმის ფაზით დაწყებული ეკონომიკური ციკლები. ეკონომიკური ციკლის ახსნაში უდიდესი როლი შეასრულა კეინზის ნაშრომმა ,,დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია''. კეინზისეული თეორია ციკლს განიხილავს, როგორც ეროვნულ შემოსავალს, მოხმარებასა და კაპიტალის  დაგროვებას შორის მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შედეგს. კეინზურ მოდელში ციკლური პროცესები ყალიბდება ეფექტიანი მოთხოვნის დინამიურობის შედეგად, რომელიც, თავის მხრივ, განისაზღვრება მოხმარებისა და კაპიტალდაბანდების ფუნქციებით. ამ მოდელში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მულტიპლიკატორის კოეფიციენტი (ეროვნული პროდუქტის ზრდის დამოკიდებულება ინვესტიციის მატებაზე) და აქსელერატორის კოეფიციენტი (ინვესტიციის მოცულობის დამოკიდებულება ეროვნული პროდუქტის მატებაზე). აღნიშნულმა თეორიამ შემდგომი განვითარება პოვა სამუელსონის, ჰიკსის,  ჰანსენის ნაშრომებში. კეინზის აზრით, ფულის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მისი წარმოება შეუძლებელია ნებისმიერი მასშტაბით. იგივე შეიძლება ითქვას სამუშაო ძალაზე, რომელიც, მართალია, იზრდება შობადობის ხარჯზე, მაგრამ არა ყველა ქვეყანაში და არა ადეკვატური ტემპებით. კეინზისაურ თეორიას უპირისპირდება ციკლის მონეტარული თეორია (ფრიდმენი), რომლის თანახმად, ეროვნული შემოსავლისა და ციკლის დინამიკაში მთავარ როლს ასრულებს მიწოდების არასტაბილურობა. ეს თეორია ეკონომიკურ ციკლს აკავშირებს ფულის და კრედიტის შემცირებასა და ზრდასთან.

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში გავრცელდა ციკლის საკრედიტო-ფულადი კონცეფცია. მონეტარული თეორია ეკონომიურ ციკლს აკავშირებს ფულისა და კრედიტების ზრდასა და შემცირებასთან. ჯ. ჰოუტერი და ი. ფიშერი ციკლის დაქვეითების ფაზის წარმოშობის მიზეზად თვლიდნენ დისპროპორციების წარმოშობას ფულის მასის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა ეკონომიკის განვითარების პირველი ენდოგენური კონცეფციები. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მეცნიერული გამოკვლევები (ა. შპიჰოფი, გ. კასელი), რომლებშიც ციკლური მერყეობა დაკავშირებულია კაპიტალის დაგროვების სიჭარბის კონცეფციასთან. აფტალიონის აზრით, მოხმარების საგნების წარმოებასა და ძირითადი კაპიტალის დაგროვებას შორის არსებობს სპეციფიკური ურთიერთ- დამოკიდებულება; იგი იმით ვლინდება, რომ სამომხმარებლო მოთხოვნის მცირე ცვლილებას შეუძლია გამოიწვიოს წმინდა ინვესტიციის მნიშვნელოვანი მერყეობა (აქსელარაციის პრინციპი). კაპიტალის დაგროვების სიჭარბის საკუთარი ვარიანტი წამოაყენა ცნობილმა გერმანელმა მეცნიერებმა  ი. შუმპეტერმა, რომელმაც ციკლური მერყეობა დაუკავშირა ტექნიკურ პროგრესს; მისი მტკიცებით, ეკონომიკური ზრდა ციკლური პროცესია და განპირობებულია წარმოების ახალი აღმოჩენების დანერგვის ნახტომისებური ხასიათით.

  ეკონომიკური ციკლის თეორიების ისტორიაში შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი ეტაპი. პირველ ეტაპზე, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, 1929-1933 წწ. მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე, გაბატონებული იყო კაპიტალისტური ეკონომიკის თვითრეგულირების იდეა, რომლის თანახმად, მიწოდება ავტომატურად წარმოშობს მოთხოვნას. მეორე ეტაპზე  XX საუკუნის 30-იანი წლებიდან 60-იან წლებამდე, გავრცელდა და  გაბატონდა ციკლის კეინზიანური თეორია, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფოს დახმა-რებით ,,ეფექტიანი მოთხოვნის" შექმნას; ამ პირობებში ეკონომიკა ორიენტირებულია მოთხოვნაზე. მესამე ეტაპი - 70-იანი წლებიდან _ დაკავშირებულია ციკლის ნეოკლასიკური მონეტარული კონცეფციის აღორძინებასთან. მოთხოვნიდან ყურადღების გადატანა მოხდა წარმოებაზე, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მიწოდების თეორია. პირველი ეკონომიკური ციკლი აღინიშნა ინგლისში 1825 წელს, როცა წამყვან დარგებში  მანქანური წარმოება  გაბატონდა. მას მოჰყვა 1836 წლის ეკონომიკური კრიზისი ინგლისში, რომელმაც გავრცელება  პოვა აშშ-ში. მესამე კრიზისი დაიწყო 1847 წელს, მეოთხე კი - 1857 წელს, რომელიც უკვე მსოფლიო ეკონომიკურ  კრიზისს წარმოადგენდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკონომიკურმა კრიზისებმა უფრო ხშირი ხასიათი მიიღო. 1857 წლის კრიზისს მოჰყვა 1866 წლის კრიზისი. შემდეგი კრიზისები განმეორდა 1873, 1882, 1890 წლებში. ეკონომიკაზე ყველაზე დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინა 1920-1921, 1929-1933, 1937-1938 წლების კრიზისებმა. 

XX საუკუნის პირველი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო 1900 წელს, რომელსაც მოჰყვა 1907 წლის  პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1920-1921 წწ. დაიწყო ახალი ეკონომიკური კრიზისი; მას მოჰყვა ინდუსტრიული ქვეყნების ეკონომიკის სტაბილურობა, რომელმაც წარმოშვა არნახული სიძლიერის 1929-1933 წლების ეკონომიკური კრიზისი _ ე.წ. ,,დიდი დეპრესია".  ეს კრიზისი განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი სიღრმით, სიმწვავითა და წარმოების ხანგრძლივი ვარდნით. სწორედ ამ კრიზისმა განაპირობა შემდგომ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაძლიერება. ყველაზე ადრეული ეკონომიკური ციკლის თეორიას მიეკუთვნება ნაკლებმოხმარების კონცეფცია. იგი ეკონომიკური კრიზისების მიზეზად მიიჩნევდა მშრომელთა მასის სიღარიბეს; ამასთან დაკავშირებით, ეს თეორია ამართლებდა  არამწარმოებლური მოხმარების გადიდებას. წვრილ-ბურჟუაზიული მიმართულების წარმომადგენლები სისმონდი და  ჰობსონი ამ კონცეფციას იყენებდნენ მშრომელთა ინტერესების დასაცავად. ასევე მშრომელთა ინტერესების დაცვას ისახავდა მიზნად ციკლისა და ეკონომიკური კრიზისების მარქსისტული თეორია, რომელიც სრულყოფილადაა მოცემული მარქსისა და ენგელსის ნაშრომებში.

თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ციკლის პროგნოზები მრავალ მაჩვენებელზეა დაფუძნებული. კომპიუტერების ეპოქა შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას ფართომასშტაბიანი მაკროეკონომიკური მოდელები. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური კრიზისები თავიანთი გამოვლენის ფორმებით მრავალგვარია; მათში გამოიყოფა, უწინარეს ყოვლისა, წარმოების საერთო დაქვეითება მთლიანად ეროვნულ მეურნეობაში. მათთან ერთად ან ცალკე მიმდინარეობს კერძო კრიზისები რომელიმე სფეროსა თუ დარგში. მაგ,,  ფინანსური კრიზისი - სახელმწიფო ფინანსების სიღრმისეულად მოშლა; ფულად-საკრედიტო კრიზისი - კომერციული და საბანკო კრედიტების მკვეთრად შემცირება; აგრარული კრიზისი - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღების მკვეთრად შეფერხება; სავალუტო კრიზისი - ეროვნული ვალუტის გაუფასურება. თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერებე-ბისთვის ცნობილია ციკლურობის ათასზე მეტი ტიპი.  ეკონომიკური ციკლები სხვადასხვა ხანგრძლივობით ხასითდება. შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი მათგანი:

1. ჟუგლარის ციკლები (7-12წ.). ამ ციკლს აგრეთვე მოიხსენიებენ სხვა სახელწოდებებითაც:  ,, სამრეწველო ციკლი", ,, საშუალო ციკლი",  ,,დიდი ციკლი".

2. ჯ. კიტჩინის ციკლები (2-4 წ.). ჯ. კიტჩინმა დიდი ყურადღება დაუთმო ეკონომიკური ციკლების მოკლე ტალღების კვლევას.

3. კუზნეცის ციკლები (16-25 წ.) ს. კუზნეცი კვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეროვნული შემოსავლის, სამომხმარებლო ხარჯების, საწარმოო დანიშნულების მოწყობილობებში, მშენებლობებსა და ნაგებობებში ერთობლივი ინვესტიციების მაჩვენებლები მოწმობდა ურთიერთდ-აკავშირებული ოცწლიანი რყევების არსებობას.

4. კონდრატიევის ციკლები (40-60 წ.) - ,,გრძელი ტალღები".  XX საუკუნის 20-იან წლებში გამოქვეყნდა ნ. კონდრატიევის ნაშრომი ,,კონიუნქტურის დიდი ციკლები", რომელშიც ეკონომიკური კრიზისები წარმოდგენილია, როგორც ხანგრძლივი რიგის კონიუნქტურული დეპრესია. მის კონცეფციაში ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების შესწავლის ამოსავალ პუნქტად მიჩნეულია საქონლის ფასების დინამიკა და ეკონომიკური ციკლის პერიოდიზაცია, დაფუძნებულია ციკლის ორფაზიან მოდელზე.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ”კონიუნქტურის თეორია“, რომელიც ცდილობდა, მოეცა კაპიტალისტური სამყაროს სამეურნეო განვითარების პროგნოზირება. ამ კონცეფციის ერთ-ერთი ფუძემდებელია გ. კასელი. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის (1929-1933) შემდეგ მრავალი ეკონომისტი (ი. ფიშერი, კ.ზინგერი) შეეცადა,  ეკონომიკური კრიზისების მიზეზები აეხსნათ ფულად-საკრედიტო ფაქტორების გავლენით. კაპიტალის დაგროვების სიჭარბის საკუთარი ვარიანტი წამოაყენა ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა ი. შუმპეტერმა, რომელმაც ციკლური მერყეობა დაუკავშირა ტექნიკურ პროგრესს; მისი მტკიცებით, ეკონომიკური ზრდა ციკლური პროცესია და განპირობებულია წარმოების ახალი აღმოჩენების დანერგვის ნახტომისებური ხასიათით.

ეკონომიკური ციკლის არსი გულისხმობს შენელებულ რეგულირებას. თუ ეკონომიკა დაუყოვნებლივ უპასუხებს ნებისმიერ შოკს, უნდა მოველოდოთ მწარმოებლურობის მკვეთრ აღმავლობასა და დაცემას, მაგრამ არა რეცესიას ან გამუდმებული აღდგენის პერიოდებს. ნეოკლასიკური სკოლის ძირითადი  ვარაუდი ის არის, რომ ყველა ბაზარი რეგულირდება თითქმის ერთდროულად. რეალურად, გამოშვება ყოველთვის არის დასაქმების სრულ დონეზე, ვინაიდან, ეკონომიკური ციკლი უდავოდ არსებობს, ნეოკლასიკოსმა ეკონომისტებმა უნდა ახსნან ციკლი არა როგორც მერყეობა ერთობლივ მოთხოვნასა და გამოშვებაში პოტენციური მიმართულების გარშემო, არამედ, როგორც მოკლევადიანი მერყეობა თავისთავად პოტენციურ გამოშვებაში. ეს ახსნა ცნობილი გახდა რეალური ეკონომიკური ციკლის სახელწოდებით. მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ მაკროეკონომიკა მოიცავს დინამიკურ ცვალებადობას გარკვეულ დროში და რომ ისეთი გამარტივება, როგორიცაა მოხმარების ფუნქცია, მეტისმეტად მარტივია, სასარგებლოც რომ იყოს. რეალური ეკონომიკური ციკლის თეორეტიკოსები უბრალოდ განიხილავენ რეალურ გამოშვებას, რომელიც ასახავს როგორც მიწოდებას, ასევე მოთხოვნას და სავარაუდოა ორივეს გათანაბრება პოტენციური გამოშვების დროს. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკა შოკის დარტყმებს განიცდის (მაგალითად, აღმოჩენები ტექნოლოგიაში, ცვლილებები სამთავრობო პოლიტიკაში...), რაც შემდგომ ცვლის მის მიერ შემუშავებულ რთულ გეგმებს და ზრდის ქცევის წონასწორობას, რომელიც ეკონომიკურ ციკლს ჰგავს. რეალური ეკონომიკური ციკლის თეორიები ახალია და საჭიროა მათი სრულყოფილად დამუშავება. რეალური ეკონომიკური თეორიები უშვებს, რომ გამოშვება ყოველთვის პოტენციურია და მერყეობები პოტენციური გამოშვების თავისთავადი თანმხლებია. დროებითი პერიოდების გათანაბრებას შეუძლია წარმოქმნას მდგრადი რეაქციები ცვლილებების მიმართ. გარკვეულ მერყეობას აქვს ადგილი პოტენციური გამოშვებისას, მაგრამ ბევრი მოკლევადიანი მერყეობა ალბათ ასახავს კეინზიანურ გასვლას პოტენციური გამოშვებიდან. ერთობლივ მოთხოვნასა და ერთობლივ მიწოდებას თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ციკლში.

ეკონომიკური ციკლები მაკროეკონომიკის ერტ-ერტი ყველაზე სადისკუსიო თემაა. ის ცნობილი კონცეფციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გვიხსნის ეკონომიკური ციკლების რყევების ბუნებას, უნაკლოდ მაინც ვერ ჩაითვლება. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ციკლს ბევრი მიზეზი განაპირობებს ომებიდან, ან ნავთობის ფასის ცვლილებიდან დაწყებული, ახალი გამოგონებებით დამთავრებული. მასზე გავლენას ახდენს მთავრობის პოლიტიკაც. გადასახადებისა და  სამთავრობო დანახარჯების ზრდა ამცირებს ერთიან ეროვნულ პროდუქტს, ფულის მასის (მიმოქცევაში არსებული მთლიანი ფულადი მასის) მატება ზრდის ერთიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობასა და ფასებს. აღნიშნულმა პოლიტიკამ შეიძლება გააუარესოს ეკონომიკური ციკლი გახანგრძლივებული რეცესიებითა და ინფლაციის წარმოქმნით; ან შეამციროს ეკონომიკური ცვალებადობები.

მაკროეკონომიკაში გაუთავებელი დავაა იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია მთავრობას ეკონომიკის სტაბილიზაცია. ცხადია, მას არ შეუძლია, სრულად გააკონტოლოს ეკონომიკა, ამიტომაც ხშირია მკაცრი რეცესიები და ინფლაცია, მაგრამ, რადგან მთავრობა აკონტროლებს მთლიანი დანახარჯების დიდ ნაწილს და მიმოქცევაში დაბანდებული ფულის რაოდენობას, მან უნდა გაითავისოს ეკონომიკურ ციკლზე საკუთარი გავლენის შესაძლებლობა. ის ამ შეგნებით კიდევაც მართავს გარკვეულ ღონისძიებებს, როდესაც ეკონომიკას რეცესია ემუქრება, გადასახადები შეიძლება შეამციროს; ასევე შეიძლება შეზღუდოს ფულის მასის ზრდის ტემპიც, როდესაც ინფლაცია სწრაფად იმატებს.

გლობალიზაციის პირობებში კრიზისული მოვლენების მიზეზები განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისთვის, არსებითად, საგარეო ხასიათისაა. ის გამოიხატება ნედლეულზე მოთხოვნის ვარდნასა და კაპიტალის გადინებაში, რაც იწვევს თანამდევ ჯაჭვურ რეაქციას - აქტივების გადაფასებას, დაკრედიტების მკვეთრ შემცირებას და მოთხოვნის შემდომ ვარდნას. ამასთან, შიდა მიზეზების კვლევა, რომლებიც განაპირობებს ეკონომიკის ციკლის რყევებს, ასევე დიდ ინტერესს იწვევს. მსოფლიო საფინანსო და პროდუქციის ბაზრების მზარდმა ინტეგრაციამ ქვეყნების უმეტესობა მეტისმეტად დამოკიდებული გახადა მსოფლიოზე. ეკონომიკური ციკლები მდიდარ ქვეყნებში ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

ამრიგად, ეკონომიკური ციკლები განეკუთვნება ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პრობლემების რიცხვს, რომელიც, ხანგრძლივი შესწავლის მიუხედავად, მაინც სადისკუსიო საგნად რჩება; ის პირდაპირ და ირიბად მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის ყველა სუბიექტზე.

გამოყენებულილიტარატურა

1. თეთრაული ც. ეკონომიკური განვითარების ზოგადი ტენდენციები. ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2016.

2. აბესაძე რ. ინოვაციები - ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2014.

3. პაპავა ვ. არასტანდარტული ეკონომიკსი. თბილისი, 2014.

4. ბეგი დ., ფიშერი.ს, დორნბუში რ. ეკონომიკა. გამომცემლობა ,,ცისარტყელა", 1999.