English / ქართული / русский /
ნინო ტალიკაძე
მწვანე ეკონომიკის კონცეფცია და საქართველოს პოზიცია გლობალურ მწვანე ეკონომიკაში

ანოტაცია. ბოლო ათწლეულების მანძილზე გლობალური ეკონომიკა ცვლილებათა სამმა ძირითადმა ტალღამ მოიცვა. პირველი, ეს იყო საქონლის, ფინანსებისა და ინფორმაციის ნაკადების მიმოცვლის ბარიერების შემცირება. მეორე, ეკონომიკური ძალაუფლების გადანაცვლება დასავლეთიდან აღმოსავლეთით. ხოლო მესამე ტალღა, კლიმატის გლობალურმა ცვლილებებმა წარმოშვა, რაც მხოლოდ დასაწყისია და მიმართულია უფრო მწვანე მსოფლიო ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ. მწვანე ეკონომიკის კონცეფცია დაიწყო მდგრადი განვითარების იდეიდან და დაფუძნებულია მდგრადი, გრეძლვადიანი განვითარების სტრატეგიაზე. მწვანე ეკონომიკის შედეგია ადამიანის გაუმჯობესებული კეთილდღეობა და სოციალური თანასწორობა, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ დეფიციტს.  უკანასკნელ წლებში მწვანე ზრდის, როგორც ზრდის ახალი წყაროს, ხელშეწყობა თანდათან იმატებს. ამან განაპირობა სხვადასხვა რაოდენობრივი მაჩვენებლებისა და რეიტინგების შექმნა ქვეყნის გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში პოზიციის  და სამომავლო მიმართულებების დასადგენად. მსგავსია გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი და ეკოლოგიური ეფექტიანობის რეიტინგი და ა.შ.

გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსის მიხედვით საქართველო შუალედურ პოზიციას იკავებსმსოფლიო ქვეყნებს შორის. მეორე მხრივ, ეკოლოგიური ეფექტიანობის რეიტინგის თანახმად, საქართველო მსოფლიო ქვეყნების მხოლოდ მეორე ნახევარში ხვდება, თუმცა გაუმჯობესებელი მაჩვენებლებით. საქართველოს მდიდარს ბუნებრივი რესურსებით აქვს პოტენციალი სწრაფი განვითარებისა. განვითარებადიქვეყნებისთვის არსებობს გარკვეულიგზებიგლობალურიმწვანეზრდისმისაღწევად. ბევრ ქვეყანას მწვანე ზრდა ესმის როგორც ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება, რაც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი და სოციალური ღირებულებების შემუშავებას, შექმნას და შენარჩუნებას. მწვანე ეკონომიკის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მწვანეზრდისხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფა ქვეყნის დონეზე, მწვანეზრდისმეინსტრიმულიმექანიზმებისა და მწვანე ზრდისპოლიტიკისინსტრუმენტების იმპლემენტაცია პრაქტიკაში.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკის კონცეფცია, მწვანე ეკონომიკის პრინციპები, მწვანე ზრდის ინდიკატორები, გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი, ეკოლოგიური ეფექტიანობის რეიტინგი. 

შესავალი

2006 წელს, ლონდონის ეკონომიკური სკოლის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს გრანთემის კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტის თავჯდომარემ, ეკონომისტმა ნიკოლას შტერნმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მიმოიხილავდა კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას მსოფლიო ეკონომიკაზე და განიხილავდა მას, როგორც ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდ გამოწვევას. ანგარიშის მთავარი დასკვნა არის ის, რომ რაც უფრო ადრე მოხდება ინვესტირება კლიმატის ცვლილების გამოწვევების აღმოსაფხვრელად, მით უფრო ნაკლები იქნება საბოლოო დანახარჯი და მეტი სარგებელი მსოფლიოსთვის. ანგარიშის თანახმად, ქმედების გარეშე, კლიმატის ცვლილების ყოველწლიური დანახარჯი სულ ცოტა მსოფლიო მშპ-ს 5%-ს შეადგენს (მწვანე ალტერნატივა, 2013).

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია დაიწყო მდგრადი განვითარების იდეიდან და დაფუძნებულია მდგრად და გრეძლვადიან განვითარების სტრატეგიაზე. 

 

გრაფიკი 1. მწვანე განვითარების სტადიები მწვანე ეკონომიკის იდეის რეალიზაციაში(SALGA, 2013) 

მწვანე განვითარება მიიღწევა საჯარო და კერძო ინვესტიციებით, რომლებიც ამცირებენ ნახშირბადის გამონაბოლქვებს და დაბინძურებას, ენერგიის და რესურსების ეფექტიანობის გაზრდას. ასევე, არსებობს სამი განზომილება, რომელიც სახელმწიფომ უნდა განიხილოს, მწვანე ზრდის სტრატეგიის განვითარებისა და იმპემენტაციისთვის (Green Growth and Developing Countries A Summary for Policy Makers, 2012):

▪ ეროვნული მწვანე ზრდის გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს შექმნას ხელსაყრელი პირობები მწვანე ზრდისთვის;

▪ მწვანე ზრდის მეინსტრიმინგის მექანიზმები არსებულ ეკონომიკურ საქმიანობაში შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად;

▪ მწვანე ზრდის პოლიტიკის ინსტრუმენტები სივრცითი და რესურსების სისტემებში კონკრეტული შესაძლებლობების დასაფიქსირებლად. 

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მწვანე ეკომონიკურ ინიციატივის შესაბამისად მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ პრობლემებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ის მჭიდრო კავშირშია ეკოლოგიურ ეკონომიკასთან, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიღწევას და სიღარიბის აღმოფხვრას, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. მრავალი სპეციალისტის აზრით მწვანე ეკონომიკა მოიცავს ექვს მთავარ სექტორს: განახლებადი ენერგია; მწვანე შენობები; სუფთა ტრანსპორტი; წყლის მენეჯმენტი/მართვა; ნარჩენების მენეჯმენტი/მართვა და მიწის მენეჯმენტი/მართვა (მწვანე ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში (EaP GREEN), 2017).

ლიტერატურ მიმოხილვებში მწვანე ეკონომიკა ხშირად განიხილება „ყავისფერ“ ეკონომიკასთან შეპირისპირებით, რომელიც ეფუძნება ამოწურვადი და არაგანახლებადი საწვავის გამოყენებას (Ryszawska, 2013). მწვანე და ყავისფერ ეკონომიკების შედარებითი ანალიზი ასახულია ცხრილში 1.

ცხრილი 1. მწვანე და ყავისფერი ეკონომიკა

ყავისფერი ეკონომიკა

მწვანე ეკონომიკა

შეუზღუდავი ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური ზრდის განცალკევება ბუნებრივი რესურების გამოყენებისგან

არა-განახლებადი ენერგორესურსები

განახლებადი ენერგორესურსები

ბუნებრივი რესურსების ინტენსიური გამოყენება

ენერგოეფექტიანობა

გამონაბოლქვები

სუფთა წარმოება

ბიომრავალფეროვნების განადგურება

ბიომრავალფეროვნების დაცვა

გლობალური სოციალური უთანაბრობა

რეგიონალური და ინტერსახელმწიფოებრივი სამართალი

განუსაზღვრელი მოხმარება

მდგრადი მოხმარება

ბიზნესისა და ინვესტორების სოციალური პასუხისმგებლობის არარსებობა

ბიზნესისა და ინვესტორების სოციალური პასუხისმგებლობის არსებობა

საზოგადოების ნდობის შესუსტება

საზოგადოების ნდობის გაზრდა

 

2012 წელს ბრაზილიაში რიო+20-ის კონფერენციის ფარგლებში, სახელმწიფოები შეთანხმდნენ მწვანე ეკონომიკის კონცეფციის, როგორც მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის შექმნაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობდა:

  1. სახელმწიფო მხარდაჭერას და კერძო ინვესტიციების დაბანდებას ცოდნის გავრცელებაზე;
  2. ნახშირბადის გამონაბოლქვის და დაბინძურების დონის შემცირების ხელშემწყობი ტექნოლოგიებისა და საწარმოების შექმნას;
  3. მწვანე ტექნოლოგიების მეშვეობით ნარჩენების უფრო საფუძვლიან გადამუშავებას, ენერგიის მოხმარების შემცირებას ან ალტერნატიული ენერგიის მოხმარებას და სხვ. (თოლორდავა, 2018)

2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის -UNEP-ის მმართველი საბჭოს მიერ შემოთავაზებულ იქნა მწვანე ეკონომიკის პრინციპები, რაც განსაზღვრავს თუ როგორი უნდა იყოს მწვანე ეკონომიკა. ეს პრინციპებია:

  1. მდგრადობის პრინციპი, მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს განვითარებას;
  2. სამართლიანობის პრინციპი, იგი უზრუნველყოფს თანასწორობას;
  3. ღირსების პრინციპი, იგი ქმნის კეთილდღეობას ყველასთვის;
  4. ჯანსაღი პლანეტის, უსაფრთხოების პრინციპი, იგი აუმჯობესებს ბუნებრივ გარემოს საზღვრებს;
  5. მონაწილეობისა და ჩართულობის პრინციპი;
  6. სათანადო მმართველობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპი;
  7. მოქნილობის/ელასტიურობის პრინციპი, იგი უზრუნველყოფს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს მდგრად განვითარებას
  8. ეფექტიანობისა და საკმარისობის პრინციპი, იგი ავითარებს მდგრად მოხმარებასა და წარმოებას
  9. მომავალი თაობების პრინციპი, იგი ახდენს ინვესტირებას მომავალში.

 

მწვანე ზრდის ინდიკატორები

მწვანე ეკონომიკის ფორმირებისთვის 5 ძირითადი ასპექტია გასათვალისწინებელი: 1. ეროვნული ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა; 2. ადგილობრივი უფლებები და შესაძლებლობები 3. ინკლუზიური მწვანე ბაზრები 4. საერთაშორისო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და მხარდაჭერა 5. პროგრესის გასაზომად ახალი პარამეტრების შემოღება.

მწვანე ზრდის ინდიკატორები დაადგინილია OECD-ის მიერ.                                                                                          ინდიკატორების ჩამონათვალი ინარჩუნებს მოქნილობას, ისე, რომ თითეულ ქვეყანას შეეძლოს მათი ადაპტაცია  მათ კონკრეტულ სიტუაციაზე. ეს ხაზს უსვამს მოცემული ინდიკატორების გამოყენების სიმარტივეს. აღსანიშნავია, რომ მწვანე ზრდასთან დაკავშირებული  ყველა საკითხის გაზომვა ვერ ხერხდება რაოდენობრივ ჭრილში. ასევე, აქ წარმოდგენილი ინდიკატორები შესაძლებელია არ იყოს ცალკეული ქვეყნისთვის გამოსადეგი.

ინდიკატორები, რომლებიც შემოთავაზებულია წევრი სახელმწიფოების მიერ არც ამოუწურავია და არც  საბოლოო. იგი საჭიროებს სხვა ინდიკატორებთან ერთად კონტექსტში განხილვას. ინდიკატორების ეს დასახელება შეიძლება განახლდეს ახალი მონაცემების აღმოჩენისას და სხვ.

მოცემულ ეტაპზე ასეთი ინდიკატორებია:

  • სოციო-ეკონომიკური კონტექსტი და ზრდის თავისებურებები:

ეკონომიკური ზრდა, მწარმოებლურობა და კონკურენტუნარიანობა;

შრომის ბაზარი, განათლება და შემოსავალი.

  • ეკონომიკის ეკოლოგიური და რესურსული მწარმოებლურობა:

ნახშირორჟანგი და ენერგომწარმოებლურობა;

რესურსების მწარმოებლურობა;

მრავალფაქტორული მწარმოებლურობა.

  • ბუნებრივი რესურსების ბაზა:

ბუნებრივი რესურსების მარაგები;

განახლებადი მარაგები;

არაგანახლებადი რესურსები;

ბიო და ეკოსისტემები.

  • ცხოვრების ხარისხის ეკოლოგიური გაზომვა:

გარშემომყოფთა ჯანმრთელობა და რისკები;

ეკოლოგიური მომსახურეობები.

  • ეკონომიკის შესაძლებლობები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა:

ტექნოლოგიები და ინოვაცია;

ეკოლოგიური საქონელი და მომსახურება;

საერთაშორისო ფინანსური ნაკადები;

ფასები და გადარიცხვები;

რეგულაციები და მართვა;

სწავლება და უნარების განვითარება (Green Growth Indicators 2017, 2017).

 

გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი და საქართველო

გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი (GGEI) ზომავს ქვეყნებს მწვანე ეკონომიკურ საქმიანობას. GGEI ინდექსის გაანგრიშებისას გამოიყენება შემდეგი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები: ლიდერობა და კლიმატის ცვლილება, სექტორთა ეფექტიანობა, ბაზრები და ინვესტიციები, გარემო. GGEI ინდექსის გაანგარიშება 2010 წელს დაიწყო და დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება პოლიტიკოსების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მიერ[1].

GGEI ინდექსი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ქვეყნები, რომლებიც მიზნად ისახავენ მდგრადი განვითარების მიზნებს მიღწევას, საჭიროებენ მონაცემებს მწვანე ეკონომიკაზე გადასასვლელი საუკეთესო გზების გამოვლენისთვის. 2018 წელს GGEI ინდექსი გაანგარიშებულია 20 ძირითადი მაჩვენებლების გამოყენებით, რომლებიც შედიან ზემოთ აღნიშნულ 4 ძირითად ჯგუფში (იხ. გრაფიკი 2).

 

 გრაფიკი 2. გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსის შემადგენელი კომპონენტები

2018 წლის მონაცემებით, საქართველო 130 ქვეყანას შორის საქართველო 44-ე ადგილს იკავებს (0,5183). ხოლო პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

ცხრილი 2. გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი, 2018 წ.

ქვეყანა

2018 წლის შედეგები

შვედეთი

0.7608

შვეიცარია

0.7594

ისლანდია

0.7129

ნორვეგია

0.7031

ფინეთი

0.6997

 

ბოლო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: გვინეა-ბისაუ, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბენინი, ჰაიტი, ბაჰრეინი. 

ეკოლოგიური ეფექტიანობის რეიტინგი და საქართველო

2018 წლის მონაცემებით, საქართველომ 180 ქვეყანას შორის ეკოლოგიური ეფექტიანობისრეიტინგში (Environmental Performance Index, EPI) 94-ე ადგილი დაიკავა 2016 წლის მონაცემებთან შედარებით (111-ე ადგილი),  17 პუნქტით გაუმჯობესდა. საერთო ჯამში, მკვლევარებმა საქართველოს 55,69 ქულა მიანიჭეს მაქსიმალური 100 ქულიდან (Baronio, 2019) (Yale Center for Environmental Law & Policy, Center for International Earth Science Information Network, & Columbia University, 2018). 

2018 წლის ინდექსის გამოყვანისას, ავტორები ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ, როგორიცაა  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ქვეყნის წყლის რესურსების მდგომარეობა, სანიტარული ნორმები, ბუნება და გარემო. 

მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა რუსეთში - 63.79 ქულა (52-ე ადგილი), აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი არის - 62,33 ქულა (59-ე ადგილი), სომხეთში - 62,07 ქულა  (63-ე ადგილი). აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით ამ მხრივ გაუარესდა მდგომარება თურქეთსა (108-ე ადგილი) და უკრაინაში (109-ე ადგილი).

პირველ ხუთეულში მოხვდნენ შვეიცარია, საფრანგეთი, დანია, მალტა და შვედეთი. ხოლო სიის ბოლო ადგილებზე არიან ნეპალი, ინდოეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბანგლადეში და ბურუნდი. EPI-ს ანგარიში ქვეყნებზე ორ წელიწადში ერთხელ დგება. ტრადიციულად გამოქვეყნებამდე მას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენენ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP GREEN), რომლის მიზანია აღმოსავლეთ თანამშრომლობის ექვსი ქვეყნის: სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის მხარდაჭერა მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, რაც გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას გარემოს დეგრადაციისა და რესურსების ამოწურვის საფრთხის დადგომის გარეშე. პროგრამის რესურეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) სადემონსტრაციო კომპონენტმა საქართველოს აღმოუჩინა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მწვანე ეკონომიკური განვითარებისკენ სვლაში (გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის, 2016). მაგ., RECP პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმღვანელოები, გაიმართა ტრენინგები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რაც მიზნად ისახავდა იმ პრაქტიკული გზების დემონსტრირებას, რომლებიც აუმჯობესებენ წარმოებაში რესურსების გამოყენების პროდუქტიულობას და ამცირებენ გარემოზე უარყოფით ზეგავლენას. 

დასკვნა

ეკონომიკის გამწვანება შეიძლება გახდეს მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმი. მწვანე ეკონომიკის შედეგია ადამიანის გაუმჯობესებული კეთილდღეობა და სოციალური თანასწორობა, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ დეფიციტს. მას შეუძლია ბუნებრივი და ფინანასური კაპიტალის უფრო ეფექტურად და ოპტიმალურად გამოყენება. ამასთან, მიიღწევა ისეთი ეკონომიკური პროგრესი, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად მდგრად, ნახშირბადის დაბალი შემცველობის და სოციალურად ინკლუზიურ განვითარებას. ნედლეულის რაციონალური გამოყენება იწვევს მწვანე პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოგების ზრდას მწვანე საწარმოებში ტრადიციულთან შედარებით, რაც უფრო მაღალი ანაზღაურებისა და სიღარიბის დაძლევის საშუალებას იძლევა. გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსის მიხედვით საქართველო შუალედურ პოზიციას იკავებს მსოფლიო ქვეყნებს შორის. 2018 წლის წინასწარი მონაცემებით ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდიკატორი საქართველოს 180 შეფასებულ ქვეყანას შორის 94-ე ადგილზე აყენებს და მისი რეიტინგი საშუალოზე დაბალია. თუმცა, 2016 წელთან შედარებით აღინიშნება გაუმჯობესებელი მაჩვენებლები. ამდენად, ქვეყანას გააჩნია სწრაფი გაუმჯობესების შესაძლებლობა და მას შესწევს უნარი წარმატებულად განახორციელოს მწვანე ეკონომიკის კონცეფცია, რაც დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს მწვანე ეკონომიკის პრინციპები (ან მათი ელემენტები) სტაბილური განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სტაბილურობის მიღწევა დამოკიდებულია ძლიერ ინტერეს-ჯგუფთა კოორდინირებულ მოქმედებაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Baronio, A. M. (2019). Green Economy and The Dimensions of Sustainability Green Economy and The Dimensions of Sustainability. (October 2018). https://doi.org/10.15341/jbe(2155-7950)/10.09.2018/008
  2. Green Growth and Developing Countries A Summary for Policy Makers. (2012). Retrieved from https://www.oecd.org/dac/50526354.pdf
  3. Green Growth Indicators 2017. (2017). https://doi.org/10.1787/9789264268586-en
  4. SALGA. (2013). The green economy. (Issue 9), 34–38.
  5. Yale Center for Environmental Law & Policy, Y. U., Center for International Earth Science Information Network, & Columbia University. (2018). 2018 Environmental performance Index. Retrieved from https://epi.envirocenter.yale.edu/downloads/epi2018policymakerssummaryv01.pdf
  6. გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის. (2016). სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ოქმი. Retrieved from https://www.unece.org/fileadmin/DAM/env/eia/Publications/2016/Protocol_on_SEA/SEA_facts_and_benefits_GEORGIA.pdf
  7. თოლორდავაჟანა. (2018). თოლორდავა-მწვანე ეკონომიკის ზოგიერთი საკითხი. ეკონომიკა და ბიზნესი, 2.
  8. მწვანე ალტერნატივა. (2013). მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა. Retrieved from http://greenalt.org/wp-content/uploads/2013/12/mwvane_politika_da_garemos_dacva.pdf
  9. მწვანე ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში (EaP GREEN). (2017). მწვანე ეკონომიკა. Retrieved from www.recp.ge;


[1] ინტერნეტ-რესურსი ხელმისაწვდომია: https://dualcitizeninc.com/global- green-economy-index/index.php#interior_section_link